3 კვირა

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცია 3) ბიოლოგიური აქტივობის მქონე ენდოგენური ნივთიერებები
4) სპორტული დანამატების თანამედროვე ფუნქციური კლასიფიკაცია

 

3) ბიოლოგიური აქტივობის მქონე ენდოგენური ნივთიერებები

     სათანადო შესწავლის შედეგად მოკვლეულია, რომ ორგანიზმის შემადგენელი ნივთიერებები არ წარმოადგენენ მხოლოდ მის სტრუქტურულ საშენ მასალას, მათგან გარკვეული ნაწილის მონაწილეობით მიმდინარე ქიმიურ პროცესებს გააჩნია რეგულატორული და ფუნქციური დანიშნულება.

  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ნაერთები, რომელთა მცირე რაოდენობას გააჩნია მაღალი ფიზიოლოგიური გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე ან მათ ცალკეულ უჯრედებზე.

ორგანიზმი თავად ქმნის (ასინთეზირებს), როგორც რეგულატორული დანიშნულების ასევე არასასიგნალო ნივთიერებებს, რომელთა შორისაა ფუნქციური ფერმენტები, სპეციფიკური ბიოლოგიური ან ქიმიური აგენტების ამომცნობები, სხვა ნაერთების სატრანსპორტო, ასევე, ენერგიის მარაგის და გენეტიკური ინფორმაციის შემნახველი ნაერთები.
     ამასთან მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას, როგორ განსხვავდება სიგნალის გადაცემა ელექტრულად მართულ მანქანებსა და ცოცხალ ორგანიზმებში. ელექტრონულ გამოთვლით მანქანაში, როგორიცაა მაგალითად კომპიუტერში, ინფორმაცია გადადის მეტალის სადენით ელექტრონების, ძირითადად, უწყვეტი დინების სახით – პირდაპირ ინფორმაციის წყაროდან დანიშნულების ადგილამდე. ხოლო ცოცხალ ორგანიზმში, ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალი არ გადადის პირდაპირი და უწყვეტი ნაკადით. ბიოლოგიური ნეირონული ქსელი რეალიზებულია გაცილებით უფრო დახვეწილი დიზაინით ვიდრე, თუნდაც თანამედროვე მანქანის შიგნით, არსებული კომუნიკაციებია. ნეირონებს შორის ინფორმაციის გადაცემა დანამდვილებით ასევე ელექტრული იმპულსით ხდება, თუმცა მომდევნო უჯრედთან დაკავშირებისას ის ელექტრული სიგნალი ჯერ "გარდაიქმნება" შესაბამის ქიმიურ ნივთიერებად (ნეირომედიატორად), და ამის შემდეგ კვლავ დაგენერირდება ელექტრული სიგნალი, რომელიც თავის მხრივ, უკვე, მომდევნო უჯრედს გადაეცემა. 

ცნობისათვის (ამ, მწვანე, ბლოკში მოცემული ინფორმაცია დასასწავლად სავალდებულო არ გახლავთ)
მაინც რატომ ამჯობინა ევოლუციამ ნერვული უჯრედების კომუნიკაცია ზემოაღნიშნული პრინციპით:
ელექტრული იმპულსი → ნეირომედიატორი → კვლავ ელექტრული იმპულსი? რით არის ასეთი სქემის შერჩევა განპირობებული? სიგნალის გადაცემის ქიმიური ფაზა იძლევა დამატებითი რეგულაციის შესაძლებლობებს, როგორიცაა მისი გაძლიერების, დათრგუნვის, მეხსიერების ფორმირების და ა.შ. მოცემული კომბინაცია უზრუნველყოფს ინფორმაციულ მოქნილობას – ტვინი შეიძლება ადაპტირდეს, შეცვალოს სინაფსების სიძლიერე და შექმნას ახალი კავშირები, რაც ელექტრულ სქემებს არ ახასიათებთ. ქიმიური სინაფსი მხოლოდ გამტარი არ არის; ის არეგულირებს სიგნალის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას საჭიროებისამებრ. ბიოლოგიურ ნეირონულ კომუნიკაციას, არსებული ფორმით წარმოქმნას სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობებიც გააჩნია. ასეთია, რეცეპტორების მრავალფეროვნება. საგულისხმოა, რომ ერთ და იგივე ნეირომედიატორი (ნივთიერება) სხვადასხვა უჯრედში შესაძლოა განსხვავებულ რეაქციას იწვევდეს, რაც სძენს ნერვული სისტემას დამატებით უნარებს. აღნიშნულ ბიოლოგიურ კონსტრუქციას ასევე გააჩნია ე,წ, დირექტიულობა – ქიმიური სინაფსი სიგნალს მხოლოდ ერთი მიმართულებით გადასცემს, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება ინფორმაციის სტაბილურ და სუფთა გავრცელებას. სინაფსებს ასევე აღენიშნებათ პლასტიურობა – ნეირონებს შეუძლიათ შეცვალონ სინაფსების "სიმაგრე" რაც, სიგნალის გზის გაუმჯებესებულ გაკვალვას გულისხმობს, რაც შემდგომ განაპირობებს სწავლებისა და მეხსიერების ფიზიოლოგიურ საფუძველს. ნეირონული ქსელის სტრუქტურა საშუალებას იძლევა, სიგნალის გავრცელება განსხვავებულად ხდებოდეს არსებული რეჟიმის შესაბამისად. ზოგი ნეირომედიატორი მოქმედებს არა მხოლოდ კონკრეტულ სინაფსზე, არამედ უფრო ფართო ქსელზე. სიგნალის გადაცემის ამგვარ განზოგადოებულ დონეზე გადასვლა ქმნის განწყობისა და მოტივაციის გაჩენის და მისი რეგულირების შესაძლებლობას. ამასთან აღსანიშნავია მოცემული კომუნიკაციის სქემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატოსობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა – გადაცემის სინაფსური (ქიმიური) რგოლი ამცირებს ზედმეტი ელექტრონული აქტივობის გავრცელების საფრთხეს, ასეთის გაჩენის შემთხვევაში და იცავს ნერვულ ქსოვილს გადატვირთვისაგან. 

ელექტრონული მანქანების სადენებში ინფორმაციის გადაცემისაგან განსხვავებით, ორგანიზმში ერთი ელექტრული სიგნალის გავრცელებაში ხშირ შემთხვევაში ჩართულია "ორდონიანი" შექცევადი ქიმიური პროცესი, ერძოდ: ცოცხალ ორგანიზმში რეცეპტორებზე გადაცემას თავდაპირველად აინიცირებენ ე.წ. პირველადი მედიატორები, ასეთი პროცესის ტრიგერების როლში შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ფიზიკური ასევე ქიმიური ფაქტორი. ფიზიკურის მაგალითებია სინათლის ნაკადი, ხმა, გარემოს ტემპერატურა, მექანიკური ზემოქმედება, ზეწოლა, ვიბრაცია, წანაცვლება და სხვა, ხოლო ქიმიურის -  სპეციფიური, ბიოლოგიური აქტივობის, მქონე, ნივთიერებები: ჰორმონები, ციტოკინები, ნეიროტრანსმიტერები, ზრდის ან სხვა ბიოქიმიური ფაქტორები. ფიზიოლოგიის მოკვლევებიდან ცნობილია, რომ ამგვარად შემოსული სიგნალი შემდგომ მუშავდება მეორეული მედიატორებით (ინგლ. secondary messenger) მათ შეადგენენ დაბალმოლეკულური ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნებიან ან გამოიყოფიან სიგნალის გადაცემის ჯაჭვში ჩართული ფერმენტის აქტივაციის შედეგად. მეორეული მედიატორების ჩართულობის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება სიგნალის განსხვავებულ გარემოში გადაცემა და მისი იქ გაძლიერებაც [1]. მეორად მესინჯერებ ახასიათებს შემდეგი ატრიბუტიკა: მათ მოლეკულებს ააქვთ კომპაქტური ზომა რის წყალობით ციტოპლაზმაში დაუბრკოლებლად და მაღალი სიჩქარით დიფუნდირდებიან; სწრაფად იშლებიან ან გადიან ციტოპლაზმიდან. უჯრედის მიერ პირველადი მედიატორისაგან სიგნალის მიღება ხორციელდება შესაბამისი რეცეპტორული ცილებით, რომლებისთვისაც ეს სასიგნალო მოლეკულები წარმოადგენენ ლიგანდებს (ქიმიურად ურთიერთქმედებენ).

ამრიგად ბიოლოგიური სიგნალის გადაცემის მექანიზმის ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება მოკლედ აღიწეროს შემდეგი ეტაპებით:

  1. გარე სტიმულის მოქმედება უჯრედულ რეცეპტორზე,
  2. მემბრანაში არსებული ეფექტორული მოლეკულის გააქტიურება, რომელიც პასუხისმგებელია მეორადი მედიატორების (შუამავლების) წარმოქმნაზე,
  3. მეორადი მედიატორების გენერაცია,
  4. მეორადი მედიატორის მიერ სამიზნე ცილების გააქტიურება, რაც იწვევს შიდა სიგნალური რეაქციების კასკადის განვითარებას და საბოლოო ბიოლოგიური პასუხის ჩამოყალიბებას,
  5. შუამავლის დეზაქტივაცია ან მისი ქიმიური დაშლა.

ცნობისათვის (ამ, მწვანე, ბლოკში მოცემული ინფორმაცია დასასწავლად სავალდებულო არ გახლავთ)
ზემოაღნიშნული პროცესი, რომელიც პირობითად გამოისახება შემდეგი სახით,
რეცეპტორი → ეფექტორი → მეორადი მესენჯერი → სამიზნე ცილა → ბიოლოგიური პასუხი → დეზაქტივაცია,
აქვე შეიძლება მოკლედ განიმარტოს:

გარე სტიმულის ზემოქმედება უჯრედულ რეცეპტორზე
სტიმული (ფიზიკური ან ქიმიური) აღიქმება უჯრედის ზედაპირზე მდებარე რეცეპტორული ცილების მიერ. ეს არის სიგნალის მიღების პირველი საფეხური, როცა უჯრედი „იგებს“, რომ გარედან რაღაც გავლენა განხორციელდა.

მემბრანაში არსებული ეფექტორული მოლეკულის გააქტიურება
რეცეპტორის გააქტიურების შემდეგ ირთვება სპეციალური მემბრანული ცილა (ეფექტორი), რომელიც გარდაქმნის მიღებულ ინფორმაციას ბიოქიმიურ რეაქციად და იწყებს მეორადი მესენჯერების წარმოქმნას.

მეორადი მედიატორების გენერაცია
ეფექტორული მოლეკულის მოქმედებით წარმოიქმნება დაბალმოლეკულური ნაერთები (მაგალითად, ციკლური AMP - cyclic adenosine monophosphate, კალციუმის იონები და სხვ.), რომლებიც უჯრედის შიგნით ავრცელებენ სიგნალს და ამავდროულად აძლიერებენ მას.

მეორადი მედიატორის მიერ სამიზნე ცილების გააქტიურება
ეს მედიატორები უკავშირდებიან შიდა ცილებს (მაგალითად, ფერმენტებს ან რეგულატორ ცილებს), იწვევენ სიგნალური რეაქციების მთელ კასკადს და საბოლოოდ განსაზღვრავენ უჯრედის კონკრეტულ პასუხს — მაგალითად, გენის ექსპრესიას, ნივთიერებათა ცვლის ცვლილებას ან კუნთის შეკუმშვას.

შუამავლის დეზაქტივაცია ან მისი ქიმიური დაშლა
სიგნალის დასრულების შემდეგ მედიატორები იშლებიან ან ინაქტივირდებიან, რათა უჯრედი დაუბრუნდეს საწყის, მშვიდ მდგომარეობას. ეს ეტაპი უჯრედული ჰომეოსტაზის ანუ შიდა ბალანსის აღდგენისთვის აუცილებელია.

 

ორგანიზმის მიერ სინთეზირებულ ენდოგენურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შორის საკვანძო როლის მქონე შემდეგი კლასის ნაერთები გახლავთ: ჰორმონები, ნეირომედიატორები, ფერმენტები, ვიტამინები, სპეციფიური პეპტიდები, ცალკეული ამინომჟავები, ასევე ინდივიდუალური წარმომადგენლები ჰისტამინი, ლიპოქსინი და სხვა.
 

ჰორმონები

  ძველი ბერძნული ὁρμάω - ვამოძრავებ, ვამხნევებ, გადამყავს. გალხავთ ორგანული ბუნების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ენდოკრინული ჯირკვლების სპეციალიზებულ უჯრედებში, ტრანსპორტირდებიან სისხლით, აკავშირებენ სამიზნე უჯრედების რეცეპტორებს და ახდენენ მოქმედებას. გააჩნიათ მარეგულირებელი ეფექტი მეტაბოლიზმზე და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე.
ჰორმონებს ორგანიზმის ფარგლებში აქვთ დისტანციური მოქმედება: მათი სისხლის ნაკადთან სხვადასხვა ორგანოებში მოხვედრით, ხდება ორგანოების რეგულირება, ამასთან როგორც წესი ამ კლასის ნივთიერებების მეტად მცირე რაოდენობასაც კი ძალუძს შესაბამისი ორგანოს მოქმედების შეცვლა.

ნეირომედიატორები (ნეიროტრანსმიტერები, შუამავლები) გახლავთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთა საშუალებით ელექტროქიმიური იმპულსები გადაეცემა ნერვული უჯრედიდან ნეირონებს შორის სინაფსური სივრცის გავლით და ასევე, მაგალითად, ნეირონებიდან კუნთოვან ქსოვილში ან ჯირკვლის უჯრედებამდე. ნერვული იმპულსი, რომელიც შედის პრესინაფსურ ტერმინალში, იწვევს გადამცემის განთავისუფლებას სინაფსურ ჭრილში. მედიატორის მოლეკულები რეაგირებენ უჯრედის მემბრანის სპეციფიკურ რეცეპტორულ პროტეინებთან, იწყებენ ბიოქიმიური რეაქციების ჯაჭვს, რაც თავის მხრივ იწვევს ტრანსმემბრანული იონის დენის ცვლილებას, რაც იწვევს მემბრანის დეპოლარიზაციას და მოქმედების პოტენციალის აღძვრას.

ნეირომედიატორები

ფერმენტები

  ფერმენტები (ლათინური fermentum „საფუარი“) ან ასევე ენზიმები (ბერძნულიდან ζύμη, ἔνζυμον „საფუარი“), ჩვეულებრივ რთული ცილოვანი ნაერთებია, რნმ (რიბოზიმები) ან მათი კომპლექსები, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს ცოცხალ სისტემებში. თითოეული ფერმენტი, დაკეცილია კონკრეტულ სტრუქტურაში, აჩქარებს მისთვის შესაბამის ქიმიურ რეაქციას: ამგვარ პროცესში მონაწილე ნივთიერებებს ეწოდებათ სუბსტრატები, ხოლო შედეგად მიღებულ ნივთიერებებს - პროდუქტები. ფერმენტები სუბსტრატს სპეციფიკურია: მაგალითად ატფ-აზა კატალიზებს მხოლოდ ატფ-ის დაშლას, ხოლო ფოსფორილაზას კინაზა ახდენს მხოლოდ ფოსფორილაზას ფოსფორილირებას. ფერმენტული კატალიზური პროცესის სპეციფიურობის და მაღალი შერჩევითობის ხაზგასასმელად სუბსტრატისა და ფერმენტის შორის რეაქციას  ადარებენ ბოქლომის შესაბამისი გასაღებით გახსნას.

ვიტამინები (ლათინური vita "სიცოცხლე" + ამინი) არის სხვადასხვა ქიმიური ბუნების ორგანული ნაერთების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია ორგანიზმისთვის აბსოლუტური აუცილებლობის საფუძველზე, როგორც საკვების განუყოფელი ნაწილი. მათი უმეტესობა გახლავთ ფერმენტების კოენზიმები ან მათი წინამორბედები. ვიტამინები საკვებში ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება და, შესაბამისად, მიკროელემენტებთან ერთად ცალკე კლასიფიცირდება, როგორც მიკრონუტრიენტები. ვიტამინებს არ მიაკუთვნებენ არა მხოლოდ მიკროელემენტებს, არამედ შეუცვლელ ამინომჟავების და შეუცვლელ ცხიმოვანი მჟავებსაც. ზუსტი განმარტების არარსებობის გამო, სხვადასხვა დროს ვიტამინებად განსხვავებული რაოდენობის ნივთიერებები კლასიფიცირდება. დღეისთვის ცნობილია 13 ვიტამინი.

ვიტამინები

სპეც. პეპტიდები

  პეპტიდები როგორც ცნობილია წარმოადგენენ ამინომჟავების მოკლე ჯაჭვებს, ზოგიერთი მათგანი გადამწყვეტ როლს თამაშობს სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში. მაგალითად ინსულინი და გლუკაგონი, ერთმანეთის ანტაგონისტი სპეციფიურ პეპტიდებს მიეკუთვნებიან, რომლებიც სისხლში შაქრის შემცველობის დონესა და ორგანიზმში ნახშრწყლების მარაგებს არეგულირებენ. ასევე ბრადიკინინი და ენდორფინი ანტაგონისტურად ზემოქმედებენ ტკივილის შეგრძნებაში. ხოლო, პეპტიდები გრელინი და ლეპტინი პასუხისმგებლები გახლავთ მადის აღძვრასა და მის დათრგუნვაში. ვაზოპრესინი არეგულირებს ორგანიზმში სითხის ბალანსს, თირკმელებში წყლის რეაბსორბციის ზრდით. ანგიოტენსინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის რეგულირებაში და სითხის ბალანსში.

ბიოაქტიური ამინომჟავები გახლავთ სპეციფიკური ამინომჟავები, რომლებსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ეფექტი ორგანიზმზე. სპორტული დანამატების გამოყენების კონტექსტში მათი როგორც ცილების სამშენებლო ბლოკების გარდა მოიხმარენ სპორტული ეფექტურობის ან და ფიტნესის შედეგების გასაუმჯობესებლად, ხელს უწყობენ კუნთების ზრდას, ასევე აუმჯობესებენ აღდგენას და დაღლის ფაზიდან გამოსვლას. ძირითადად გამოიყენებიან შემდეგი წარმომადგენლები: განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები (BCAA), L-გლუტამინი, L-არგინინი, ბეტა-ალანინი, L-კარნიტინი და ტაურინი.

სპეც. ამინომჟავები

4) სპორტული დანამატების თანამედროვე ფუნქციური კლასიფიკაცია

    ნაერთებს რომლებსაც გააჩნია ფიზიოლოგიური გავლენა ოცხალ ორგანიზმზე, ქსოვილზე ან/და უჯრედზე მიაკუთვნებენ ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომელთა შორის კერძო შემთხვევას წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კლასი. იმ პირობებში, როდესაც საბოლოოდ განისაზღვრა საკვები ნუტრიენტების და შინაგანი ბიოლოგიურად აქტიური ნიერთების ასიცოცხლო მნიშვნელობა, ამ ფეროსგან გამიჯნულია ბიოლოგიურად აქტიური დანამატები (ბად), ვინაიდან აქტიურობის მიუხედავად ორგანიზმს შეუძლია ათ გარეშე სრულფასოვანი ფუნქციონირება. [2] უფრო მეტიც, მედიკამენტებისაგან განსხვავებით მათი რეალიზაციისათვის ნებართვის მოპოვების კრიტერიუმად არ დგას მოხმარების ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევების წარდგენის აუცილებლობა. [3] აღნიშნული შრომატევადი ღონისძიებების უზრუნველყოფა მწარმოებლისთვის გახლავთ არასავალდებულო, არ ხდება ბიოაქტიური დანამატების რეგულაცია, როგორც ეს ევალება ახალ ფარმაციულ პროდუქციის ბაზარზე გატანას და ბად-ის მოხმარების შედეგად ნებისმიერ შესაძლო რისკებზე ფაქტიური პასუხისმგებლობა მეტწილად ეკისრება მომხმარებლის გადაწყვეტილებას.

 
  ბიოლოგიურად აქტიური დანამატები (ინგლ. dietary supplement) იგივე, "ბად" წარმოადგენენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც განკუთვნილია საკვებთან უშუალო მიღებისთვის ან საკვებ პროდუქტების შემადგენლობაში დასამატებლად.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები (ინგლ. biologically active additives BAAs) წარმოადგენენ ბიოაქტიური ნივთიერებების სპეციფიკურ კლასს, რომლებიც მიზანმიმართულად ემატება საკვებს ან დიეტურ დანამატებს მათი კვებითი ღირებულების გასაძლიერებლად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ან ჯანმრთელობისთვის სპეციფიკური სარგებლობის უზრუნველსაყოფად. ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია:

    მოხმარების მიზანი. ბად-ები მიზანმიმართულად ემატება საკვებ მასალას ჯანმრთელობის სარგებლობის, კვების გაუმჯობესების ან თერაპიული ეფექტის უზრუნველსაყოფელად.

    გამოშვება და დოზირება: ბად-ები იწარმოებიან სპეციფიკურ დოზებში, რომლებიც გამიზნულია იყოს უსაფრთხო და ეფექტური მოხმარებისთვის, ხშირად რეგულირდება ჯანდაცვის ორგანოების მიერ.

    რეგულაცია და ნებართვა: ბად-ების გამოყენება სუსტად ექვემდებარება მარეგულირებელ ზედამხედველობას უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად. ის არ მოიცავს დამტკიცების პროცესებს და სათანადო დეკლარირების ვალდებულებას. თუმცა დაკისრებული აქვთ ეტიკეტირება და გამოყენების მითითება.

    დანიშნულებისამებრ მოხმარება: ბად-ები შემუშვებულია რეგულარული რაციონის ან დანამატის სახით მოხმარებისთვის, რაც განასხვავებს მათ სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისგან, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ფარმაცევტული ან სამრეწველო გამოყენება.

ამავდროულად, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ბან, ინგლ. biologically active substances BASs) მოიცავენ უფრო ფართო კატეგორიას, რომელიც გულისხმობს ბიოლოგიური აქტივობის მქონე ნებისმიერ ნაერთს, განურჩევლად მისი დანიშნულებისა. ასეთებად შესაძლოა იყონ ფარმაცევტულ საშუალებებ, ბუნებრივ ნაერთებ, სამრეწველო ქიმიკატებ და ბიოლოგიური ეფექტების მქონე სხვა ნივთიერებებ, რომლებიც აუცილებლად არ არის განკუთვნილი რეგულარული დიეტური მოხმარებისთვის.

ყველაფერ აღნიშნულთან სპორტულ დანამატებში მოისაზრება შესაბამისი დანიშნულების ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. ისინი წარმოადგენენ ქვეჯგუფს, რომელიც სპეციალურად შექმნილია სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად, კუნთების ზრდისა და აღდგენის მხარდასაჭერად, გამძლეობის გასაუმჯობესებლად და სპორტსმენებისა და ფიზიკურად აქტიური პირების უნიკალური კვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სპორტული დანამატებს განსახვავებს გამოყენების მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვიან სპორტსმენები, ბოდიბილდერები და ინტენსიური ფიზიკური აქტივობით დაკავებული პირები, ვიდრე ზოგადი პოპულაციისათვის, რომელიც ეძებს ჯანმრთელობის საერთო სარგებელს.
 

    სპორტული დანამატები ხშირად შეიცავს სპეციფიკურ ინგრედიენტებს, როგორიცაა პროტეინის კონცენტრატებს, განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები (BCAAs), კრეატინი, ბეტა-ალანინი, დატვირთვამდე მისაღები კომპოზიციები და ელექტროლიტების ხსნარები, სპორტული წარმადობის და კუნთების ფუნქციის ხელშეწყობისათვის. მასში შემავალი ინგრედიენტები შესაძლოა იყოს უფრო მაღალი კონცენტრაციით ჩვეულებრივ დიეტურ დანამატებთან შედარებით. სპორტული დანამატების მოხმარება ხშირად ხდება ვარჯიშების ან სპორტული ღონისძიებების გარშემო, რათა მაქსიმალურად გაზარდოს მათი ეფექტურობა, როგორიცაა ვარჯიშის წინ, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდგომი დანამატები. როგორც წესი, ამგვარი დანამატები აცხადებენ ამბიციას, რომლებიც დაკავშირებულია სპორტული შესრულების სპეციფიკური ასპექტების გაუმჯობესებასთან, როგორიცაა ძალა, სიჩქარე, გამძლეობა, კუნთების მასა და აღდგენის დროის შემცირება. ამასთან, ჩვეულებრივი დიეტური დანამატები შექმნილია ჯანმრთელობის ზოგადი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, ალიმენტარული ანუ კვებითი დანაკლისის შესავსებად და ზოგადად საერთო კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ისინი მოიცავს ვიტამინებს, მინერალებს, მცენარეულ ექსტრაქტებს და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, სპორტულ შესრულებაზე განსაკუთრებული აქცენტის გარეშე.

 
  საგულისხმოა, რომ სპორტული დანამატების თანამედროვე კლასიფიკაცია აგებულია მწარმოებლების მიერ დეკლარირებული სპეციფიკური ფუნქციების და ფიზიკურად აქტიური პირებისთვის განკუთვნილი მოსალოდნელი სარგებლობის მიხედვით.

სპორტული დანამატების ამგვარი კლასიფიკაცია მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

დატვირთვამდე. ენერგიის გამაძლიერებლები: შეიცავს ინგრედიენტებს, როგორიცაა კოფეინი, ბეტა-ალანინი და კრეატინი,  საწრთვნელი ვარჯიშის დაწყებამდე ამაღლდეს ენერგიულობის, ფოკუსირების და შრომისუნარიანობის ხარისხი. და ასევე სტიმულატორები, პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კოფეინს, გუარანას ან სხვა სტიმულატორებს სიფხიზლის გაზრდისა და ვარჯიშის დროს ძალისხმევის აღქმის იოლად გადატანისათვის.

კუნთების აღმშენებლები. პროტეინული დანამატები: შეიცავს ცილებს შრატის, კაზეინის, სოიას და მცენარეულ ცილების სახით, გამოიყენებიან უპირატესად კუნთების ზრდისა და აღდგენის მხარდასაჭერად. ასევე თავად ცილების სტრუქტურული ერთეულები (მათი მონომერები) ამინომჟავური დანამატები: პროდუქტები, რომლებიც შეიცავს BCAA-ს (ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი), L-გლუტამინს და სხვა ამინომჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების მოცულობის ზრდას და აღდგენას.

წარმადობის გამაძლიერებლები. მაგალითად კრეატინი გამოიყენება კუნთების სიმძლავრის, სიმტკიცის და გამძლეობის გასაზრდელად. ბეტა-ალანინი ხელს უწყობს კუნთების დაღლილობის გადავადებას მასში მჟავის დაგროვების დაბრკოლების გზით. აზოტის ოქსიდის ბუსტერებს შორის პოპულარულია L-არგინინის და L-ციტრულინს საფუძველზე სპორტული დანამატები. მათი ფუნქცია მდგომარეობს სისხლის ნაკადის გაძლიერებაში და კუნთებში ნივთიერების ცვლის ინტენსიფიკაცია.

აღმდგენი საშუალებები. დატვირთვის შემდგომი დანამატები შემდგარია უფრო მრავალფეროვანი კომპონენტებით შესაბამისი ცილებით, ნახშირწყლებით და ელექტროლიტებით პირველ რიგში დახარჯული გლიკოგენის მარაგების შესავსებად, კუნთოვანი ქსოვილის აღდგენისა და კუნთების შემდგომი ტკივილის შესამცირებლად. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები შეიცავს ინგრედიენტებს, როგორიცაა ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, კურკუმას და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ ანთებას და ამრიგად ხელს უწყობენ აღდგენას.

წონის მართვა. ცხიმის უტილიზატორები შეიცავს თერმოგენურ აგენტებს, როგორიცაა კოფეინი, მწვანე ჩაის ან ჯინჯერი ექსტრაქტი,  და კაპსაიცინი, რათა გაზარდოს მეტაბოლიზმი და ხელი შეუწყოს ცხიმების რაოდენობის დაკლებას. წონის კორექციის მიზნით ასევე გამოიყენებიან მადის დამთრგუნველი საშუალებები. ეს გახლავთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ინგრედიენტებს, როგორიცაა ბოჭკოვანი, Garcinia cambogia ან 5-HTP მადის გასაკონტროლებლად და შიმშილის შესამცირებლად.

რეჰიდრატაციული და ელექტროლიტური სასმელები. შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს და სხვა ვიტალურ მინერალებს ელექტროლიტური ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად და ასევე ვარჯიშისას კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად.
დატვირთვის დროს გამოიყენება დანამატები განტოტვილ ჯაჭვიანი ამინომჟავების საფუძველზე (BCAA), რომელიც ასევე უზრუნველყოფილია ელექტროლიტებითა და ნახშირწყლებით ხანგრძლივი ვარჯიშის დროს ენერგიისა და აუცილებელი მინერალური ბალანსის შესანარჩუნებლად .

ჯანდაცვის და ფიზიკური სტრესისშემდგომი კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით, სპორტული დანამატების მწარმოებლების მტკიცებით გამოიყენება ვიტამინების და მინერალების შემცველი დანამატები: ესენციური მიკრონუტრიენტები, როგორიცაა ვიტამინი D, კალციუმი, მაგნიუმი და რკინა, საერთო ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და კვებითი დანაკლისის კომპენსაციისათვის. სახსრებზე ზრუნვისთვის პოპულარულია გლუკოზამინის, ქონდროიტინის და კოლაგენის შემცველი დანამატები სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და დაზიანების რისკის შესამცირებლად.

არსებობს კიდევ სპეციალური დანამატების კლასიც, მაგალითად ე.წ. ადაპტოგენები. უპირატესად ბუნებრივი კომპონენტების საფუძველზე, როგორიცაა აშვაგანდა, როდიოლა და ჟენშენი, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება სტრესთან ადაპტაციაში და აუმჯობესებებენ გამძლეობას. პრობიოტიკები, როგორც ცნობილია წარმოადგენენ სასარგებლო ბაქტერიების კულტურას, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების ჯანმრთელობას და ხელს უწყობენ საკვები ნივთიერებების მონელების ნორმალიზაციას.

ზემოაღნიშნული ეს ფუნქციური კლასიფიკაცია გამოიყენება, როგორც პრაქტიკული გზამკვლევი პირველ რიგში სპორტსმენებისათვის და სხვა ფიზიკურად აქტიური პირებისათვის, ფიტნესის მოყვარულებს, აირჩიონ დანამატები, რომლებიც შეესაბამება მათ კონკრეტულ მიზნებს, იქნება ეს წარმადობის გაუმჯობესება, კუნთების აშენება, სრულფასოვანი აღდგენის ხელშეწყობა, წონის მართვა თუ საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

 

წყარო

[1]  Krauss, G. (2003). Biochemistry of signal transduction and regulation. WILEY-VCH, Weinheim.
[2] Teodoro, A. J. (2019). Bioactive compounds of food: Their role in the prevention and treatment of diseases. Oxidative Medicine and Cellular Longevity, 2019, 3765986. doi:10.1155/2019/3765986
[3] Lupton, J. R., Atkinson, S. A., & Chang, N. (2014). Exploring the benefits and challenges of establishing a DRI-like process for bioactives. European Journal of Nutrition, 53(1), 1–9. doi:10.1007/s00394-014-0666-3.PMC3991826