|
1 კვირა |
1) შესავალი. საგნის დანიშნულება და მიზნობრივი აუდიტორია. |
|
შესავალი |
|
დისციპლინა „სპორტში ნივთიერებების გამოყენების უსაფრთხოება“ მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სპორტში გამოყენებული ნივთიერებებისა და პროდუქტების შესახებ სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას და მათი უსაფრთხოების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას. კურსის ფარგლებში განიხილება როგორც სპორტული და სურსათის დანამატები, ისე სხვა ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან, სპორტულ შედეგებთან ან აღდგენასთან. სურსათის დანამატების ბაზარზე განთავსებისთვის, როგორც წესი, არ მოითხოვება ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ისეთი წინასწარი კლინიკური დადასტურება, როგორიც აუცილებელია სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციისას. ამიტომ, პროდუქტის გაყიდვაში არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ მისი ეფექტიანობა კლინიკურად დადასტურებულია ან რომ იგი ყველა მომხმარებლისთვის უსაფრთხოა.. სასურსათო და სპორტული დანამატები სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებული რეგულირების რეჟიმს ექვემდებარება და მათი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შეფასების მოთხოვნები ყოველთვის არ არის ისეთი, როგორიც მედიკამენტების შემთხვევაში. ამიტომ პროდუქტის ბაზარზე არსებობა ან ფართო გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს, რომ მისი ეფექტიანობა სრულად არის დადასტურებული ან რომ იგი ყველა მომხმარებლისთვის უსაფრთხოა. აღნიშნული საკითხების ცოდნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიცინის სპეციალისტებისთვის, არამედ სპორტსმენებისთვის, ფიზიკურად აქტიური პირებისთვის, მწვრთნელებისთვის, ფიტნესისა და სპორტის სფეროში დასაქმებული სხვა სპეციალისტებისთვისაც. არასწორად შერჩეულმა ან გამოყენებულმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ფინანსური ზიანი, არამედ უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობასა და სპორტულ შედეგებზეც. ამასთანავე, დისციპლინა არ ანიჭებს სტუდენტს სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, დიაგნოსტიკის ან მკურნალობის დაგეგმვის კომპეტენციას. მისი მიზანია უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერება, სამეცნიერო ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, იმ შემთხვევების ამოცნობა, როდესაც საჭიროა შესაბამისი სპეციალისტის ჩართვა, და საკითხის სწორად ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარის განვითარება. |
|
|
სილაბუსი |
|
|
|
|
|
||
![]() |
საგნის სილაბუსი, დოკუმენტი, რომელიც
ასახავს კურსის შინაარსს, მიზნებს, შეფასების
მეთოდებს, სწავლის მოსალოდნელ შედეგებს და სწავლებისათვის
გამოყენებულ რესურსებს.
დოკუმენტში თავმოყრილია სასწავლო პროგრამის ყველა დეტალი. გაცნობისთვის გადადით მოცემულ ბმულზე: safety.irakli.info/docs/syllabus.pdf |
||
|
საგნის დანიშნულება და მიზნობრივი აუდიტორია |
|
დისციპლინა „სპორტში ნივთიერებების გამოყენების უსაფრთხოება“
განკუთვნილია ფიზიკური კულტურის, სპორტის, ფიტნესის, კვებისა და მათთან
დაკავშირებული სფეროების მოქმედი და მომავალი სპეციალისტებისთვის, რომელთა
საქმიანობისას შეიძლება წარმოიშვას სპორტში გამოყენებულ ნივთიერებებსა და
პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხები. კურსის დანიშნულებაა სტუდენტს ჩამოუყალიბოს ამ საკითხების გააზრებული და პასუხისმგებლიანი შეფასების უნარი. მისი გავლის შემდეგ მან უნდა შეძლოს სანდო ინფორმაციის მოძიება და კრიტიკული შეფასება, შესაძლო სარგებლისა და რისკების გააზრება, საეჭვო ან პოტენციურად სახიფათო შემთხვევების ამოცნობა, პროფესიული კომპეტენციის საზღვრების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტის ჩართვა. კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა არ ანიჭებს სტუდენტს დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმვის ან სამკურნალო საშუალებების დანიშვნის უფლებამოსილებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გააზრებასა და განსხვავებული კომპეტენციის მქონე პირებს შორის ეფექტიან კომუნიკაციას. კურსის ბენეფიციარმა უნდა შეძლოს სპორტში ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხის არსებითი გარემოებების შეფასება, მომხმარებლისთვის გასაგები ფორმით სანდო ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი სპეციალისტისგან მიღებული ინფორმაციის გააზრება და საჭიროების შემთხვევაში მისი შინაარსის დაუმახინჯებლად გადაცემა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მწარმოებლის, რეალიზატორისა და პროდუქტის პოპულარიზაციაში ჩართული პირების განცხადებების კრიტიკული შეფასება და მათი სამეცნიერო დასაბუთების შემოწმება. სპორტში ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები ხშირად მოიცავს სამედიცინო, ფარმაცევტულ, კვებით, სპორტულ, ანტიდოპინგურ და სხვა კომპეტენციებს, რომელთა სრულად თავმოყრა ერთი სპეციალისტის ცოდნასა და გამოცდილებაში იშვიათად არის შესაძლებელი. ამიტომ კურსის ბენეფიციარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძლება იყოს მომხმარებელსა და შესაბამის პროფესიონალებს შორის კომუნიკაციის კოორდინაცია — არა მათი ჩანაცვლების, არამედ საჭირო საკითხის შესაბამის სპეციალისტთან მიმართვის, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცნობების თავმოყრისა და მომხმარებლისთვის გასაგები ფორმით მოწესრიგების მიზნით. ასეთი შუამავლური და საინფორმაციო ფუნქცია ხელს უწყობს იმასაც, რომ სპეციალისტთან კონსულტაციის დრო ძირითადად დაეთმოს იმ საკითხებს, რომლებიც მის პროფესიულ შეფასებასა და გადაწყვეტილებას მოითხოვს, ხოლო მომხმარებლისთვის აუცილებელი ზოგადი ახსნა და მიღებული ინფორმაციის გააზრებაში დახმარება კურსის ბენეფიციარმა უზრუნველყოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. სპორტში ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული პროფესიული კომპეტენციებისპორტში ნივთიერებების გამოყენების უსაფრთხო და დასაბუთებული შეფასება ხშირად მოითხოვს განსხვავებული პროფესიული კომპეტენციების ერთობლიობას. მათი სრული მოცულობით თავმოყრა ერთი სპეციალისტის ცოდნასა და გამოცდილებაში პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ კონკრეტული საკითხის შეფასებისას რომელი სფეროს ცოდნაა საჭირო და რომელი პროფესიონალის ჩართვა შეიძლება გახდეს მიზანშეწონილი. ამგვარ საკითხებთან მუშაობისას მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შემდეგ კომპეტენციებს: ‣ სამედიცინო და ფარმაკოლოგიური კომპეტენცია — ნივთიერების მოქმედების მექანიზმის, შესაძლო გვერდითი ეფექტების, უკუჩვენებების, დოზირებისა და სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედების შეფასება. ‣ კვებისა და ნუტრიციული შეფასების კომპეტენცია — კვებითი საჭიროებების, შესაძლო დეფიციტების, რაციონისა და დანამატის გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასება. ‣ სპორტული და სავარჯიშო პროცესის ცოდნა — სპორტის სახეობის, დატვირთვის ხასიათის, აღდგენის რეჟიმისა და სპორტსმენის მიზნების გათვალისწინება. ‣ ანტიდოპინგური კომპეტენცია — ნივთიერების სტატუსის, აკრძალვების, გამოყენების შეზღუდვებისა და შესაბამისი ანტიდოპინგური მოთხოვნების შეფასება. ‣ სამართლებრივი და პროფესიული რეგულაციების ცოდნა — კონკრეტული სპეციალისტის უფლებამოსილების, პასუხისმგებლობისა და ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული მოქმედი მოთხოვნების გათვალისწინება. ‣ სამეცნიერო მტკიცებულებების შეფასების უნარი — კვლევების ხარისხის, მიღებული შედეგების სანდოობისა და კონკრეტულ პროდუქტთან ან ნივთიერებასთან მათი შესაბამისობის შეფასება. ‣ ეთიკური შეფასება — სპორტსმენის ჯანმრთელობის, ინფორმირებული გადაწყვეტილების, სამართლიანი სპორტული პრაქტიკისა და პროფესიული პასუხისმგებლობის გათვალისწინება.
უსაფრთხოების შეფასების პრინციპისპორტში გამოყენებული ნივთიერების ან პროდუქტის უსაფრთხოება მხოლოდ მისი სამართლებრივი სტატუსით ვერ განისაზღვრება. ის გარემოება, რომ საშუალება არ მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატებს და მისი შეძენა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, თავისთავად არ ადასტურებს მის უვნებლობას. სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, სხვა კატეგორიის პროდუქტების ბაზარზე დაშვებისას მათი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების წინასწარი შეფასების მოცულობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. შესაბამისად, ცალკეული ნივთიერების, მათი კომბინაციის ან კონკრეტული პროდუქტის შესახებ არსებული სამეცნიერო მონაცემები შესაძლოა იყოს არასრული, შეზღუდული ან საერთოდ არ იძლეოდეს მისი ხანგრძლივი გამოყენების შედეგების სრულფასოვანი შეფასების შესაძლებლობას. ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება პროდუქტი, არამედ რა ნივთიერებებს შეიცავს იგი, რა დოზით გამოიყენება, რამდენად არის შესწავლილი მათი მოქმედება და ურთიერთქმედება, რამდენად სანდოა პროდუქტის შემადგენლობა და რამდენად დასაბუთებულია მის შესახებ გავრცელებული განცხადებები. ვის უნდა მიმართოს მომხმარებელმა ნივთიერების გამოყენების მიზანშეწონილობის შესაფასებლად?სამკურნალო საშუალებების გამოყენების უსაფრთხოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმი ემსახურება. მათი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადასტურებლად მოქმედებს წინასწარი კვლევისა და შეფასების მოთხოვნები, ხოლო კონკრეტული პაციენტისთვის პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროფესიული მომზადების მქონე ექიმი. ექიმის ხანგრძლივი პროფესიული განათლება მოიცავს ორგანიზმის ფუნქციონირების, დაავადებათა მექანიზმების, ფარმაკოლოგიის, პრეპარატების მოქმედების, დოზირების, გვერდითი ეფექტებისა და ურთიერთქმედებების შესწავლას. სამედიცინო მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია აგრეთვე სამეცნიერო მეთოდის, კლინიკური კვლევებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გააზრება და კრიტიკული ინტერპრეტაცია. შესაბამისად, ექიმის მიერ პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ პაციენტის მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებას არ ნიშნავს — გადაწყვეტილება ეყრდნობა სპეციალურ ცოდნასა და პროფესიულ მომზადებას, რომელიც მოსალოდნელი სარგებლისა და შესაძლო რისკის შესაფასებლად არის საჭირო. სურსათის დანამატებისა და სპორტში გამოყენებული სხვა არასამკურნალო პროდუქტების შემთხვევაში ორივე ეს დამცავი მექანიზმი იმავე ხარისხით გარანტირებული არ არის. მათი ბაზარზე განთავსებისთვის, როგორც წესი, არ მოითხოვება ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ისეთი წინასწარი კლინიკური კვლევების პროგრამა, როგორიც სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში. ამიტომ მათი მტკიცებულებითი ბაზა ხშირად უფრო შეზღუდული და არათანაბარია: ზოგი ნივთიერება საფუძვლიანად არის შესწავლილი, სხვების ეფექტიანობის, ხანგრძლივი გამოყენების, გვერდითი ეფექტების ან რამდენიმე კომპონენტის ერთობლივი მოქმედების შესახებ კი მონაცემები შეიძლება არასაკმარისი იყოს. ამავე დროს, ასეთი პროდუქტების გამოყენებას მომხმარებელს შეიძლება ურჩევდნენ სრულიად განსხვავებული განათლებისა და გამოცდილების მქონე პირები — მწვრთნელი, ფიტნესის სპეციალისტი, რეალიზატორი, სხვა მომხმარებელი, სოციალური მედიის ავტორი ან თვითგამოცხადებული „ექსპერტი“. ასეთ შემთხვევაში რეკომენდაციის გამცემს შეიძლება არც შესაბამისი სამედიცინო ან ფარმაკოლოგიური მომზადება ჰქონდეს და არც სამეცნიერო მტკიცებულებების სათანადო შეფასების უნარი; ამასთან, მისი კომპეტენცია შეიძლება საერთოდ არ ექვემდებარებოდეს სავალდებულო პროფესიულ შემოწმებას. ამრიგად, მომხმარებელი შეიძლება ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდეს: რამდენად საფუძვლიანად არის შესწავლილი თავად პროდუქტი და რამდენად კომპეტენტურია პირი, რომელიც მის გამოყენებას ურჩევს. სწორედ ამიტომ პროდუქტის თავისუფლად შეძენის შესაძლებლობა, ფართო გავრცელება ან არასამკურნალო საშუალების სტატუსი არ უნდა ჩაითვალოს მისი გამოყენების მიზანშეწონილობისა და უსაფრთხოების საკმარის დასტურად. თუ ნივთიერებას ორგანიზმზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს, მისი გამოყენების მიზანშეწონილობისა და უსაფრთხოების განხილვისას ერთ-ერთი მთავარი პროფესიული რესურსია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი. სპორტსმენებისა და ფიზიკურად აქტიური პირებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ექიმი, რომელსაც სპორტული მედიცინის საკითხებში გამოცდილება აქვს. მისი ჩართვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკვე არსებული დაავადების შემთხვევაში, არამედ გამოყენების დაწყებამდეც — ინდივიდუალური რისკების, შესაძლო უკუჩვენებების, თანმხლები პრეპარატების, ჯანმრთელობის თავისებურებებისა და სხვა სამედიცინო გარემოებების გასათვალისწინებლად. თუ საკითხი ძირითადად უკავშირდება რაციონს, საკვები ნივთიერებების საჭიროებას, შესაძლო დეფიციტს, აღდგენას ან სპორტული დანამატის კვებით მიზანშეწონილობას, ექიმის კომპეტენციას შეიძლება ავსებდეს სპორტულ კვებაში პროფესიულად მომზადებული დიეტოლოგი ან კვების სპეციალისტი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა სპეციალისტის თვითწოდებას, არამედ შესაბამის ფორმალურ განათლებას, აღიარებულ პროფესიულ კვალიფიკაციას, სპორტულ კვებაში დამატებით მომზადებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ფარმაცევტი მნიშვნელოვანი დამატებითი პროფესიული რესურსია პრეპარატის ან პროდუქტის შემადგენლობის, გამოყენების წესის, დოზირების ფორმის, შესაძლო ურთიერთქმედებებისა და სხვა პრაქტიკული საკითხების გასარკვევად. მწვრთნელისა და სპორტის სფეროს სხვა სპეციალისტების ცოდნა კი მნიშვნელოვანია დატვირთვის, ვარჯიშისა და აღდგენის კონტექსტის გასაგებად, თუმცა ეს ცოდნა ვერ შეცვლის სამედიცინო ან შესაბამის კვებით შეფასებას. შესაბამისად:
ამასთანავე, პრაქტიკაში არ არსებობს ერთი უნივერსალური სპეციალისტი, რომლის კომპეტენციაშიც სპორტში გამოყენებულ ნივთიერებებთან დაკავშირებული ყველა საკითხი სრულად მოექცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომელი ტიპის ცოდნაა საჭირო კონკრეტული შემთხვევის შესაფასებლად და რომელი სპეციალისტის ჩართვაა მიზანშეწონილი. სწორედ ამ გარემოებაში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას კურსის ბენეფიციარის უნარი — მოძებნოს და კრიტიკულად შეაფასოს სამეცნიერო ინფორმაცია, გაარჩიოს მტკიცებულება ვარაუდისა და სარეკლამო განცხადებისგან, ამოიცნოს არსებული ცოდნის შეზღუდვები და მომხმარებელს დაეხმაროს მნიშვნელოვანი საკითხების სწორად ჩამოყალიბებაში. ეს ფუნქცია არ გულისხმობს ექიმის ან სხვა პროფესიონალის ჩანაცვლებას; მისი მიზანია შეამციროს ინფორმაციული გაურკვევლობა, დააკავშიროს მომხმარებელი შესაბამის სპეციალისტებთან და ხელი შეუწყოს უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ამრიგად, კითხვაზე „ვის უნდა მიმართოს მომხმარებელმა?“ ყოველთვის ერთი უნივერსალური პასუხი არ არსებობს. მთავარი პრინციპია შესაბამისი კომპეტენციის სწორად განსაზღვრა, სათანადო სპეციალისტის ჩართვა და გადაწყვეტილების დაფუძნება არა მხოლოდ ავტორიტეტულ რჩევაზე, არამედ სანდო სამეცნიერო მტკიცებულებებზეც. |
|
წყარო [1] Babwah, T. (2009). Prescribing medications and nutritional supplements for athletes. The West Indian Medical Journal, 58(4). https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/20099776
|